კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია
 
ფაკიური თვალშიგა ლინზის იმპლანტაცია
 
ოპერაცია BIOPTICS
 
სიელმე და ამბლიოპია
 
დიაბეტური რეტინოპათია
 
ასაკობრივი მაკულოდისტროფია
 

 

როგორ ვუმკურნალოთ გლაუკომას?

გლაუკომების მკურნალობის მთავარი მიზანია თშწ–ის დაქვეითება და თვალშიგა სითხის ნორმალური ცირკულაციის აღდგენა. გლაუკომების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული მეთოდებით.

ღია კუთხიანი გლაუკომის დიაგნოსტირების შემდეგ, საწყის ეტაპზე მოწოდებულია მედიკამენტოზური ან ლაზერული მკურნალობა.

გლაუკომის მედიკამენტოზური მკურნალობა:

ღია კუთხიანი გლაუკომის დროს თშწ–ის დაქვეითების და შემდგომ რეგულირების მიზნით პაციენტმა მუდმივად უნდა იწვეთოს პროსტაგლანდინების (აუმჯობესებენ წყალწყალა ნამის დინებას სადრენაჟო სისტემაში) და β–ბლოკატორების (ამცირებენ წყალწყალა ნამის გამომუშავებას ცილიარული სხეულის მიერ) შემცველი ანტიგლაუკომატოზური პრეპარატები. 

გლაუკომის ლაზერული მკურნალობა:

სადღეისოდ გლაუკომების ლაზერული ქირურგია უკვე საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში:

  • სელექტიური ტრაბეკულოპლასტიკა - SLT
  • ირიდოტომია
  • ირიდო-გონიოპლასტიკა

როგორ კეთდება სელექტიური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა  - SLT ? 

SLT წარმოადგენს ღიაკუთხოვანი გლაუკომის ლაზერული მკურნალობის თანამედროვე მეთოდს, რომელსაც აქვს გართულებების განვითარების მინიმალური რისკი.

ამჟამად მიზანშეწონილია ღიაკუთხიანი გლაუკომის მკურნალობის საწყის ეტაპზე SLT გაკეთება და მხოლოდ არასრული ეფექტის მიღების შემთხვევაში დამატებით მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა.

უმტკივნეულო პროცედურაა, ტარდება ამბულატორიულად (5–10 წუთში) მექანიკური ზემოქმდების მქონე გაორმაგებული სიხშირის Nd: YAG ლაზერით. დაბალი ენერგიის ლაზერის სხივი შერჩევითად მოქმედებს ტრაბეკულურ ზონაში განლაგებულ, მელანინის შემცველ პიგმენტურ უჯრედებზე. SLT ზემოქმედება იწვევს აღნიშნული უჯრედების დესტრუქციას, ტრაბეკულური ბადის გასუფთავებას უჯრედული ნარჩენებისგან და ექსტრაუჯრედული მელანინისგან. ხდება წყალწყალა ნამის დინების აღდგენა ტრაბეკულურ სისტემაში.

SLT შესაძლებელია გაკეთდეს ერთ ან ორ ეტაპად. ლაზერის სხივით ხორციელდება ზემოქმედება წინა საკნის კუთხეზე თავიდანვე 360°-ით, ან პირველ ეტაპზე მხოლოდ მის ნახევარზე 180°-ით, განმეორების შემთხვევაში (1–2 თვის შემდეგ) კი – დარჩენილ ნახევარზე.

როგორ კეთდება ლაზერული ირიდოტომია?

ირიდოტომია კეთდება დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს, ამბულატორიულად (5–10 წუთში), მექნიკური ეფექტის მქონე ND: YAG ლაზერით და წარმოადგენს უმტკივნეულო პროცედურას. მაღალი ენერგიის ლაზერის სხივით ფერად გარსში ხდება ხვრელის წარმოქმნა, რათა შეიქმნას დამატებითი, ალტერნატიური გზა წყალწყალა ნამის უკანა საკნიდან წინა საკანში დინებისთვის.

გლაუკომის მწვავე შეტევის (გმშ) განვითარების პროფილაქტიკის მიზნით (თუ პაციენტს ერთ თვალზე უკვე ჰქონდა გმშ) რეკომენდებულია ლაზერული ირიდოტომიის გაკეთება მეორე თვალზეც .

დახურულკუთხიანი გლაუკომის მკურნალობა შესაძლებელია ალტერნატიული, ქირურგიული მეთოდითაც - ირიდექტომია.

როგორ კეთდება ლაზერული ირიდო–გონიოპლასტიკა?

ვიწროკუთხიანი გლაუკომის დროს გაძნელებულია წინა საკნის კუთხის სტრუქტურებზე SLT ლაზერით ზემოქმედება (სურ. 1), ამიტომ მიზანშეწონილია ლაზერული ირიდო–გონიოპლასტიკის გაკეთება თერმული ეფექტის მქონე არგონ ლაზერით, რომლის მიზანია ფერადი გარსის ფორმის შეცვლა. ფერად გარსზე ლაზერული სხივის ზემოქმედება იწვევს მის თერმულ კოაგულაცას  და ფესვის შეჭმუხვნას (სურ.2). ამ შემთხვევაში ტრაბეკულური აპარატი ხდება ხილული (სურ. 3), რაც საშუალებას გვაძლევს (2–3 თვეში) გაკეთდეს SLT. ლაზერული ირიდო-გონიოპლასტიკა უმტკივნეულო პროცედურაა, ტარდება ამბულატორიულად (5-10 წუთში).

 

როდის უნდა ჩატარდეს გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა?

 

ანტიგლაუკომატოზური წვეთების და ლაზერული მკურნალობის არასრული ეფექტის შემთხვევაში, როდესაც თშწ მაინც მაღალია საჭიროა გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა – ტრაბეკულექტომია ირიდექტომიით.

 

 

გლაუკომის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

დროულად დაწყებულ, სწორ მკურნალობას შეუძლია არსებული მხედველობის შენარჩუნება, თუმცა შეუძლებელია გლაუკომით გამოწვეული უკვე დაქვეითებული ან დაკარგული მხედველობის აღდგენა.

გისურვებთ წარმატებას მკურნალობაში!