კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

რა არის გლაუკომა?

გლაუკომა არის დაავადება რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის შეუქცევად დაზიანებას და მხედველობის ველის შევიწროვებას, რაც საბოლოოდ ხდება სრული სიბრმავის მიზეზი. ამიტომ მის დროულ გამოვლენას და სათანადო მკურნალობას ზოგადი პროფილის ექიმის ან ოფთალმოლოგის მიერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გლაუკომას „მხედველობის ქურდს“ უწოდებენ.

 

რა არის თვალშიგა წნევა?

თვალის კაკალს გარკვეული წნევა სჭირდება ფორმის შენარჩუნებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, თვალში გამომუშავდება თვალშიგა სითხე ანუ წყალწყალა ნამი, რომელიც უზრუნველყოფს თვალის უსისხლძარღვო სტრუქტურების კვებას (რქოვანა, ბროლი, მინისებური სხეული). წყალწყალა ნამი სპეციალური სადრენაჟო აპარატით გაედინება თვალიდან სკლერალურ სისხლძარღვებში. ნორმაში არსებობს მუდმივი ბალანსი წყალწყალა ნამის წარმოქმნასა და მის გადინებას შორის, რაც უზრუნველყოფს თვალშიგა წნევის (თშწ) ნორმის ფარგლებში არსებობას (15–20 მმ ვწყ. სვ.). აღნიშნული  ბალანსის დარღვევა (სითხის გამომუშავება მატულობს ან გადინებაა შეფერხებული) იწვევს წყალწყალა ნამის დაგროვებას თვალში და მისი ქსოვილების (განსაკუთრებით მხედველობის ნერვის) დაზიანებას, რაც საბოლოოდ ხდება სიბრმავის მიზეზი. 

გლაუკომით განპირობებული მხედველობის დაკარგვა შეუქცევადია. 

რა ქმნის თვალშიგა სითხის სადრენაჟო აპარატს?

თშწ-ის რეგულაციაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს მიეკუთვნბა ცილიარული სხეული (1-2), რომელიც გამოიმუშავებს წყალწყალა ნამს (3) და წინა საკნის კუთხე სადაც მდებარეობს წყალწყალა ნამის სადრენაჟო სისტემა. ცილიარულ სხეულში გამომუშავებული წყალწყალა ნამი უკანა საკნიდან გუგის გავლით წინა საკანში გადადის და წინა საკნის კუთხისკენ მიემართება, სადაც კორნეოსკლერალური ტრაბეკულებით (4) შლემის არხში (5) იჟონება. აქედან კი წვრილი კოლექტორული არხებით (6)  ინტრა და ეპისკლერალურ ვენურ ქსელში (7) გაედინება. 

წინა საკნის კუთხის აგებულების მიხედვით განასხვავებენ შემდეგ გლაუკომებს:

  • ღია კუთხიანი (ქრონიკული)
  • ვიწროკუთხიანი
  • დახურულკუთხიანი (გლაუკომის მწვავე შეტევა)

რა იწვევს გლაუკომას?

გლაუკომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ყველაზე ხშირად გლაუკომა ვითარდება თვალის სისხლმომარაგების დარღვევის გამო.

 გლაუკომის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ასაკი (45 წლის შემდეგ)
  • გენეტიკური განწყობა
  • ვიწრო წინა საკანი
  • სტეროიდების ხანგრძლივი მიღება
  • ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია და სხვ.)
  • თვალის დაავადებები (თვალის ანთებითი პროცესები და სხვ.)
  • მაღლი ახლომხედველობა
  • მაღალი თვალშიგა წნევა
  • ტრავმა

რა სიმპტომები აქვს გლაუკომას?

დღეს უკვე ცნობილია, რომ გლაუკომა შეიძლება მიმდინარეობდეს არა მარტო მომატებული, არამედ ნორმალური თვალშიგა წნევის (თშწ) ფონზე. ნორმოტენზიური გლაუკომის დროს „ნორმალური“ თშწ ასევე აზიანებს მხედველობის ნერვს და მოითხოვს დაქვეითებას.

ღიაკუთხიანი გლაუკომის (ღკგ) დროს შეფერხებულია წყალწყალა ნამის გადინება ტრაბეკულურ სისტემაში,  პიგმენტური უჯრედებით და ექსფოლიანტებით მისი ნაწილობრივ დახურვის გამო. ღკგ შეადგენს გლაუკომების 85%–ს.  

ღიაკუთხიან გლაუკომას ახასიათებს:

  • უსიმპტომო მიმდინარეობა (ხანგრძლივად, წლების განმავლობაში)
  • მომატებული თვალშიგა წნევა
  • მხედველობის ველის შევიწროვება
  • მხედველობის პერიოდული დაბინდვა

 

დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს უკანა საკნიდან წყალწყალა ნამის გადასვლა წინა საკანში შეფერხებული ან სრულად ბლოკირებულია ფერადი გარსის და ბროლის წინ გადანაცვლების გამო. თვალშიგა სითხის დინების სრული ბლოკის შემთხვევაში ვითარდება გლაუკომის მწვავე შეტევა, რომლის მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: სტრესი, გუგის მედიკამენტოზური გაფართოვება (ვიწრო წინა საკნის არსებობისას), დიდი რაოდენობით სითხის მიღება. მდგომარეობა მოითხოვს ოფთალმოლოგის დაუყოვნებლივ ჩარევას და თშწ–ის დაქვეითებას. 

 

გლაუკომის მწვავე შეტევას ახასიათებს:     

  • თვალშიგა წნევის მკვეთრი და უეცარი მომატება (60-80 მმ ვწყ. სვ.)       
  • ძლიერი ტკივილი
  • თვალის გაწითლება
  • რქოვანა გარსის დანისვლა და მხედველობის მკვეთრი დაქვეითება
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • გუგა ფართოვდება და სინათლეზე არ რეაგირებს
  • ხელით შეხებისას თვალის კაკალი ძალიან მაგარია

 

შესაძლებელია თუ არა გლაუკომის პროგრესირების პროფილაქტიკა?

მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისთვის და სრული სიბრმავის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლაუკომის დროულად გამოვლენას და მკურნალობას ზოგადი პროფილის ექიმის ან ოფთალმოლოგის მიერ. ამიტომ ღიაკუთხიანი და ნორმოტენზიური გლაუკომის, დაავადების საწყის სტადიაზე უსიმპტომო მიმდინარეობის გამო, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება 45 წლის ასაკი შემდეგ. აუცილებელია ექიმის დანიშნულების ზუსტად შესრულება და თშწ–ის მუდმივი კონტროლი ტონომეტრიის საშუალებით. სასურველია ნერვული და ფიზიკური დაძაბულობის თავიდან აცილებამნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი პათოლოგიების განვითარების შეფერხება.

როგორ ხდება გლაუკომის დიაგნოსტიკა?

გლაუკომის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ზოგადი და დამატებითი (ოპტიკურ–კოჰერენტული ტომოგრაფია და კომპიუტერული პერიმეტრია) ოფთალმოლოგიური გამოკვლევევის ჩატარება.

როგორ ვუმკურნალოთ გლაუკომას?

გლაუკომების მკურნალობის მთავარი მიზანია თშწ–ის დაქვეითება და თვალშიგა სითხის ნორმალური ცირკულაციის აღდგენა. გლაუკომების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული მეთოდებით.